მაწანწალა ცხოველების დაავადებები

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე “პოპულარულ” ინფექციურ საფრთხედ გრიპის ვირუსი და მისი სახესხვაობები მიიჩნევა, მედიითაც ამაზე კეთდება მთავარი აქცენტი, მაგრამ ამის პარალელურად სულ უფრო ხშირად ფიქსირდება სხვა, გაცილებით მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით დაავადების შემთხვევები, რომელთა შესახებაც საზოგადოება ნაკლებად ან საერთოდ არ არის ინფორმირებული. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე ვირუსული ინფექცია ცოფია. მსოფლიო ჯანდაცვის უკანასკნელი მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს ცოფის ვირუსის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანტირაბიულ კაბინეტს წლის განმავლობაში, საშუალოდ, 30 ათასიდან 40 ათასამდე ადამიანი მიმართავს (!). აქედან 10–15 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა ან საერთოდ სამედიცინო დახმარების უგულებელყოფაა, ასევე – ადამიანების გაუფრთხილებელი ქმედება. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა ამ საფრთხისა და მისი თავიდან აციელბის გზების შესახებ.
         მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ცოფის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტის გადარჩენის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ერთადერთი, რაც ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლად შეიძლება ჩაითვალოს, ექიმის, კერძოდ კი ანტირაბიოლოგიური კაბინეტისთვის დროული მიმართვაა.
        ადამიანები ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ფასის გამო რაბიოლოგს არ მიმართავენ. ოფიციალურად, 18 წლამდე ასაკის პაციენტები სრულიად უფასოდ იღებენ ამ მომსახურების სრულ პაკეტს. 18 წლის ზემოთ მყოფი პაციენტი კი მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების საფასურს იხდის, რაც, როგორც ანტირაბიულ სამსახურში განგვიმარტეს, 10 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს, შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე. არაოფიციალურად კი, როგორც “სარკეს” მოქალაქეებმა საკუთარი გამოცდილებით უთხრეს, რეალურად მკურნალობა 100 ლარზე მეტი ჯდება.
           აი, რა გვიამბო თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ანტირაბიული სამსახურის უფროსმა :
    – თუ საქართველოს ევროპის ქვეყნებს მივაკუთვნებთ, ცოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენთანაა. ამის მიზეზი ბევრია. უმთავრესი კი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაა. აზიის ქვეყნებში უფრო მეტადაა ცოფი გავრცელებული. მაგალითად, პაკისტანი რომ ავიღოთ, იქ წელიწადში რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება ცოფით. ევროპის ქვეყნებში კი სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია. იქ აცრების მიმართაც სხვანაირი მიდგომაა, ცხოველების აცრებს ვგულისხმობ. დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ არის ეს ვირუსი დაფიქსირებული. კუნძულოვანი სახელმწიფოა, ასევე კუნძულოვანი სახელმწიფოა ავსტრალია და არც იქაა ეს ვირუსი გამოვლენილი. იქ ცოფი რომ შევიდეს, ცხოველმა უნდა შეიტანოს, სხვა ცხოველს გადასდოს და ასე შემდეგ. საქართველო რომ ამ დაავადების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიმეორებ, ამის მიზეზი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაა, მეზობელი ქვეყნებისთვის საზღვრებს ვერ ჩავკეტავთ, ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ.
     ცოფის გამოვლენის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა. მთელი წლის მანძილზე ამ ვირუსით დაახლოებით 10 პაციენტი იღუპება. შეიძლება ერთ წელიწადს 5 ადამიანი დაიღუპოს, მეორე წელიწადს – 15. საშუალო მაჩვენებელი 5–დან 15 ადამიანია. ბოლო შემთხვევა გასულ დეკემბერს დაფიქსირდა.
      ჩვენი კაბინეტი სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს ემსახურება. ძაღლისგან და ნებისმიერი ცხოველისგან დაკბენილი და დაკაწრული ადამიანი ჯანმრთელია, სანამ ცოფი დაემართება. ამ ვირუსით რომ არ დაავადდნენ, დროულად უნდა მოგვმართონ.

No comments:

Post a Comment